წულუკიანი: 2008-დან 2020 წლამდე, გელათში მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი

522

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი შერჩეული იყო კრამიტით გადახურვის შუასაუკუნეობრივი მეთოდის აღდგენისთვის. მინისტრის შეფასებით, სწორედ ამ ექსპერიმენტმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

“2008 წლიდან 2020 წლამდე, სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე — ჩემი სუბიექტური აზრი დაარქვით, თუ გნებავთ, ამას — მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი.

ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება. ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა საექსპერიმენტოდ, სწორედ გელათი. ეს, მე ვთვლი, რომ იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ხარაჩოების გამოყენება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სამონასტრო კომპლექსში არსებულ ფრესკებს, ამიტომ, ყველას მოუწოდა “ნუ დაბოდიალობენ ხარაჩოებზე”.

წულუკიანმა, ასევე, განაცხადა, რომ ივნისში საქართველოში ჩამოვა იუნესკოს ექსპერტი, რომლის დახმარებითაც “დაუსვამენ სწორ დიაგნოზს” გელათის სახურავს. მინისტრის თქმით, ქართველმა ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს ეს საკითხი, თუმცა, ელოდებიან იუნესკოს ექსპერტის შეფასებასაც.

იუნესკოს ექსპერტის საქართველოში ჩამოსვლა თეა წულუკიანმა 7 მაისს დააანონსა.

თეა წულუკიანმა კულტურის მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისას ძეგლთა დაცვის სააგენტომ სერიოზული ხარვეზები დაუშვა. მისი თქმით, ამ “ხარვეზების” გამოსწორება დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.