შეიძლება არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც დმანისში შექმნილი ვითარებით სპეკულირებენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა.
„სამართალდამცველები იმიტომ არიან ჩართული ამ პროცესში, რომ დღევანდელი ინციდენტის ყველა დეტალი გამოიკვლიონ და ე.წ. წამქეზებელი უნდა იყოს დასჯილი. ვინაიდან, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, არ უნდა გადაიზარდოს უფრო დიდ კონფლიქტში, უნდა მოგვარდეს და უნდა დარეგულირდეს. მაშინ, როდესაც ამ კონფლიქტში მონაწილე ადამიანები არიან პასუხისგებაში მიცემული და დაწყებულია გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იქნება მისი სენსიტურობიდან გამომდინარე ყველა დეტალი გამოძიებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას“, – განაცხადა ტატუაშვილმა.
ამასთან მარნეულის მერი აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს სიმშვიდისაკენ მოუწოდოთ. „ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რომ დაპირისპირება დასრულდეს. დაპირისპირებაში მონაწილე ადამიანებს, ერთმანეთთან კონფლიქტის მიზეზი არ აქვთ. არცერთი ადამიანი არ უნდა გახდეს ვინმეს სპეკულაციისა და მიზნების ასრულების სუბიექტი“, – აღნიშნავს დმანისის მერი.
ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დმანისში ვითარება განმუხტულია.