ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დმანისში ვითარება განმუხტულია და არავითარ გამოწვევას აღარ ელიან.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ამჟამად მიმდინარეობს მიმდინარეობს შეხვედრები ქართული და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებთან, სულიერ ლიდერებთან და ახალგაზრდებთან რათა მოხდეს, ვითარების გაანალიზება და პრევენციული ზომების მიღება.
„დღეს, ამ წუთისთვის სიტუაცია განმუხტულია, არავითარი დაძაბულობა არ არის. გუშინდელ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დეტალებთან დაკავშირებით მე არ ვარ კომპეტენტური და არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, შესაბამისი უწყებებიდან მიიღებთ ამას. ჩვენ დღევანდელი, გუშინდელი ასეთი ინციდენტი არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ბუნებრივია, ჩვენ ორივე -აზერბაიჯანულ თემთან, ქართულ თემთან, ლიდერებთან, ავტორიტეტებთან, ახალგაზრდებთან, ყველასთან სამუშაო გვაქვს და დღესვე ვიწყებთ ამ ყველაფერს, მიმდინარეობს ეს ურთიერთობები, რომ საბოლოოდ, ეს ინციდენტი მიეცეს დავიწყებას.
ზომები მიღებულია, ეს ესკელაცია დასრულებულია და გაგრძელება არ იქნება, შესაბამისად, ჩვენ დავგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები იმ საზოგადოებასთან, ვინც არის ჩართული, ვინც ემოციურად მტკივნეულად მიიღო ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება ტოლერანტობის მშვიდობიანი თანაცხოვრების და ბუნებრივია, არ უნდა მივცეთ საფუძველი არავის, რაც არ უნდა ავის მსურველი იყოს, რომ ეს ესკალაცია გაგრძელდეს. დღეს ესკალაცია დასრულებულია, არავითარი სხვა საშიში გამოწვევები აღარ გვაქვს. მხარეები დაშორიშორებულები არიან და მიდის საუბარი მშვიდობიან გარემოში გაანალიზებისა და პრევენციისკენ,“- განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.
შეგახსენებთ, დღეს, 17 მაისს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.
დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.
დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.