მარნეულის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ს ფარგლებში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. სოფელ დამიაში შეიცვლება ჭაბურღილიდან სასმელი წყლის მილმდენი, სოფელ ცოფში ბუნებრივი წყაროს სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სოფელ ახკულაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის არსებულ რეზერვუარს, სოფელ იმირში სამელი წყლის შიდა ქსელს, სოფელ ჩანახჩში სასმელი წყლის სისტემას, ხოლო სოფელ ვერხვიანში სასმელი წყლის მილებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ამავე პროგრამის ფარგლებში მარნეულის სამ სოფელში სარწყავი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. სოფელ მეწამულას სარწყავ არხზე მილ-ხიდები მოეწყობა, ხოლო დაშტაფას და მარადისის შიდა სარწყავი არხები გაიწმინდება.
სარწყავი არხების სამუშაოები ჩატარდება სოფელ ალვარში, საიმერლოსა და ნორგიულშიც. ალვარსა და საიმერლოში რკინა ბეტონის სარწყავი არხის საისტემა მოეწყობა, ხოლო ნორგიულში სასაფლაოს მიმდებარე ტერიოტრიაზე სარწყავის სსისტემა გაკეთდება.
აღნიშნული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესადგენად მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 4 957 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „სტუდია-ვექტორთან“ გააფორმა.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულების გაფორმებამდე მერიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა. ამასთან, მერიამ მიიღო მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ს ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის მერიას გამარტივებული წესით ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა მიეცა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ს ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება 16 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლამდე გაგრძელდა. 10 დღის განმავლობაში მარნეულის მერიის მიერ დაკომპლექტებულმა სამმა ჯგუფმა სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში გამართა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.