ქვახვრელში ,,მილიონიანი პროექტის” დასრულებისთვის გამოცხადებული მეორე ტენდერი ჩავარდა

1503

სოფელ ქვახვრელში ,,მილიონიანი პროექტის” დასრულების მიზნით გამოცხადებული მეორე ტენდერი ჩავარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გამგებლის მოადგილეებმა – გელა კაპანაძემ, ალექსი ვეშაპურმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ, იურიდიული სამსახურის უფროსმა რევაზ გოგიაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ანესაშვილმა და შესყიდვების განყოფილების უფროსმა ალექსანდრე თარხნიშვილმა ერთობლივად მიიღეს.

კომპანია ,,გეოპლასტს” დისკვალიფიკაცია მისცეს იმ მოტივით, რომ სპეცტექნიკის 50% არ გააჩნია, ასევე, კომპანიამ ვერ წარადგინა 100 000 ლარის ღირებულების სამუშაოეზე, სხვა დამკვეთისგან გაცემული შესაბამისი რეკომენდაცია. სხდომის ოქმის მიხედვით, კომპანია აპირებდა ქვეკონტრაქტორის დაქირავებას, რომლის თანხმობის წერილიც არ გააჩნდა.

ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტი 2016 წლის ივნისში კომპანია ,,არქიკულტურამ” დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა.

დათქმულ ვადაში სამუშაოები არ დასრულდა, რის გამოც, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვადა რამდენჯერმე 2017 წლის მარტის ჩათვლით გადაუწია. მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც არ დასრულდა. კომპანიას კი, 800 000 ლარი გადაერიცხა.

2017 წლის აგვისტოს გამგეობამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობამ ახალი ტენდერი 178 000 ლარზე გამოაცხადა (100 000 ლარით მეტი), ერთთვიანი განხილვის შემდეგ, მეორე, ეს იძულებითი ტენდერიც ჩაიშალა.

გამარჯვების შემთხვევაში, სამი თვის განმავლობაში, უნდა მომხდარიყო მრიცხველების დაყენება, რეზერვუართან გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ქსელში ხარვეზების გამოსწორება.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი