ქარსელაძე იმ პროექტების ნაწილს ასახელებს, რომელიც „განვითარებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდება

358

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იმ პროექტების ნაწილს ასახელებს, რომელიც „განვითარებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით განხორციელდება.

როგორც ქარსელაძემ ზუგდიდში პროგრამასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტების უმეტესობა წლის ბოლომდე დასრულდება.

„ძალიან საინტერესო განხილვა გვქონდა. საინტერესო არეალები და მდებარეობები იქნა წარმოდგენილი. ესენია: ზუგდიდის შემთხვევაში ცენტრალური ბულვარი, დადიანების სასახლემდე მისასვლელი; ხობში – ახალი პარკი, ხობის წყალთან ჩასასვლელი; ფოთში -ცეტრალური ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია და განახლება განხორციელდება; მესტიაში ახალი სარეკრეაციო პარკი მოეწყობა, რომელიც მესტიას არ ჰქონდა და ამ პროგრამის ფარგლებში ექნება. ჩამონათვალი მეტყველებს ამ პროგრამის მასშტაბზე. პროექტების უმეტესობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ქარსელაძემ.