თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 55 პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 615 504 ლარია გამოყოფილი.
საბურთალოს გამგეობის ცნობით, სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები 9 მისამართზე ხორციელდება. კედლები და ჭერი გაილესება და შეიღებება. სადარბაზოს რემონტი ხუთ მისამართზე უკვე დასრულდა. 21 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ბაგირი და ელექტროძრავა განახლდება. 17 ლიფტი კი, უკვე შეკეთდა.
„წყალარინების ქსელი რეაბილიტირდება 7 მისამართზე, შეიცვლება მილები და ჭები. ოთხ მისამართზე დასრულდა სამუშაოები. სახურავის შეკეთება ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. 5 მისამართზე ქანობიანი, ხოლო – 2 მისამართზე ბრტყელი სახურავი რეაბილიტირდა. აგრეთვე, მოწესრიგდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამგეობის მიერ სამუშაოები 100%-ით ფინანსდება. პროექტების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე თავსდება, რომელსაც შემდგომ ამხანაგობა საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.