ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განახლებისთვის 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს

381

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავრობას 106.7 მილიონ ევროს გამოუყოფს ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის (E60) განახლებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების ხელშეწყობის შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით მოხდება ორი მონაკვეთის: ალგეთი-სადახლოს 30-კილომეტრიანი და რუსთავი-წითელი ხიდის 32-კილომეტრიანი გზების განახლება.

„დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის კაპიტალდაბანდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტში 250 მილიონ ევროს შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის, მეწარმეობისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილია. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯამური ინვესტიცია ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 1 მილიარდ ევრომდეა, რაც საქართველოში ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კაპიტალდაბანდებების ნახევარია. 388 კილომეტრი სიგრძის E60 დერეფანი აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე არსებული წითელი ხიდიდან იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტამდეა გადაჭიმული, საიდანაც მარშრუტი თურქეთის საზღვრამდე გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ორივე მონაკვეთის განახლების შედეგად სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი თანამედროვე და უსაფრთხო გზა იარსებებს. ამავე გზით მოხდება მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირება. ამასთანავე, ორივე მონაკვეთი საცხოვრებელ პირობებსა და სამეწარმეო გარემოს გააუმჯობესებს ქვეყანასა და რეგიონში. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ძირითადი ნაწილის გაგრძელებაა, რომელიც ევროკავშირიდან იღებს სათავეს და აძლიერებს მის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას პარტნიორ ქვეყნებთან. ეს გზა საქართველოზე გადის და მის მსხვილ ქალაქებსაც აკავშირებს ერთმანეთს. ამასთან, რეგიონული ქსელის პრინციპით ხდება თურქეთსა და სომხეთს შორის წრის შეკვრა”, – ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ დაფინანსებას გულისხმობს შემდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან: ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და აზიის განვითარების ბანკი.

„პროგრამის მონაწილეა საქართველოს მთავრობა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ამ ინიციატივის გაცხადებული მიზანია. 2007 წელს, საქართველოში საქმიანობის დაწყების დღიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის ინფრასტრუქტურული, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებული 23 პროექტის ფარგლებში, თითქმის 2 მილიონი ევრო აქვს დაბანდებული. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 70 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობის ფარგლებში, ხოლო 100 მილიონი ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებისთვის. ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გაზარდა კაპიტალდაბანდების მოცულობა და სულადობრივად უმსხვილეს ბენეფიციარად აქცია ქვეყანა თავისი დაკრედიტების ბენეფიციართა შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში”, – ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.