22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მერიის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში დასუფთავების აქცია მოაწყეს, შეგროვილი ნარჩენები კი ღია სივრცეში, მათ შორის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე და მდინარის ნაპირზე დაწვეს. ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანიც იღებდა. სპეციალისტების განცხადებით, მსგავსი ქმედება კანონდარღვევაა, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს 500–დან 1500 ლარამდე დაჯარიმება ემუქრებათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ნინოწმინდის მერიამ და სამცხე–ჯავახეთის მხარემ დასუფთავების აქციის ამსახველი ფოტოები ფეისბუკის გვერდზე დღეს ატვირთეს. თვითმმართველობასთან ერთად, ღონისძიებაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. მას შემდეგ რაც „სამხრეთის კარიბჭე“ თემით დაინტერესდა და ანივარდ მოსოიანს დაუკავშირდა, მერიამ ნარჩენების დაწვის ამსახველი ფოტოები წაშალა.
ფოტოზე ნათლად ჩანდა, რომ დასუფთავების აქციის მიმდინარეობის პარალელურად, სულ მცირე ცეცხლის ხუთი კერაა, სადაც სხვადასხვა სახის ნარჩენთან ერთად ფოთლებიც იწვის.
„ფოთლები არ დაგვიწვია, ყუთები და ქაღალდის ნარჩენები დავწვით. შემთხვევით მოგვივიდა, მწვანეთა მოძრაობიდან მივიღეთ წერილი და ჩვენ განვახორციელეთ დასუფთავების აქცია. როდესაც დადასტურდება დარღვევის ფაქტი შესაბამისად მოვიქცევით და ვიხელმძღვანელებთ წესით და კანონით“, – აცხადებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნარჩენების მართვის კოდექსის 35–ე მუხლის პირველი ნაწილით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. იურიდიული პირებისთვის ჯარიმის ოდენობა 500–დან 1000 ლარამდეა . აღსანიშნავია, ისიც, რომ თუ ნარჩენები შეიცავს საბურავს, ან სხვა სახის რეზინას, ჯარიმა 1 500 ლარის გადახდას ითვალისწინებს.
„ფაქტის შესწავლის შემდეგ შეფასდება რა ტიპის ნარჩენების დაიწვა და შემდეგ მოხდება მოქალაქის დაჯარიმება ან გაფრთხილება. მომხდარს რეგიონალური ინსპექტირების სამსახური შეისწავლის“,– აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. ამ ეტაპზე უცნობია მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თითოეულ პირს თუ ორგანიზაციას დაეკისრება.
გარემოსდამცველი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ოფისის დირექტორი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ღია სივრცეში ფოთლების დაწვა დაუშვებელია, რადგან მათ მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი სასუნთქი გზების სხვადასხვა პრობლემას იწვევს.
„მცენარე, რომელსაც ვწვავთ შთანთქავს, მძიმე მეტალებს, მისი დაწვა არ ითვლება მიზანშეწონილად. უნდა მოხდეს ცალკე შეგროვება და დაკომპოსტირება. რაც შეეხება ქუჩაში დაწვას, კატეგორიულად აკრძალულია, რადგან გამონაბოლქვი იწვევს რესპირატორული დაავადებების გაძლიერებას, მეორეს მხრივ კი, სასუნთქი სისტემების დაავადებებისა და ალერგიის გამოწვევას“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით დასუფთავების და გამწვანების აქციები გაიმართა. მათ შორის იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სადაც მერიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, აქციის ერთ–ერთი ინიციატორი „მწვანეთა მოძრაობა“ იყო. ნარჩენების დაწვასთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭემ“ აღნიშნულ ორგანიზაციასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ ტელეფონი გათიშული აქვთ.