მთაწმინდის ფერდობზე უკვე დაწყებულია სამუშაოები. უნდა ვთქვა, რომ ეს იპოდრომის პროექტზე უფრო მასშტაბურიც კია. წარმოიდგინეთ, 700 ჰექტარზეა საუბარი. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 2-ჯერ დიდ ფართობზე მოხდება სარეკრეაციო სივრცის აღდგენა, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ წელს 40 ათასი ნერგი ირგვება.
„მთაწმინდის ფერდობზე უკვე დაწყებულია სამუშაოები. შარშან გაკეთდა ძალიან ბევრი კვლევა როგორც გეოლოგიური, ასევე ფაუნისა და ფლორის კვლევა და ა.შ. გამოვლინდა ის პრობლემები, რაც არსებობს. დადგინდა 20-ზე მეტი პარაზიტი, რაც ამ მწვანე საფარს ანადგურებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ხეს უკვე ვეღარ მივუსწარით. მოხდება მათი ამოღება და ახალი ნარგავებით ჩანაცვლება. ეს გარდაუვალია და საჭიროა, სასწრაფოდ განხორციელდეს. ამ პროცესს ხელი იმანაც შეუწყო, რომ ეს მცენარეები არ იყო ენდემური და მაინც და მაინც არ იყო კარგად ეს შავი ფიჭვი ჩვენ ჰავას, ჩვენ კლიმატს მორგებული. ის მცენარეები რაც შეირჩა, ჯამში 39 მცენარე უნდა დაირგოს ამ ტერიტორიაზე, შერჩეულია ისე, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ჩვენ პირობებს. უნდა ვთქვა, რომ ეს იპოდრომის პროექტზე უფრო მასშტაბური პროექტიც კია. წარმოიდგინეთ, 700 ჰექტარზეა საუბარი. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 2-ჯერ დიდ ფართობზე მოხდება სარეკრეაციო სივრცის აღდგენა, სადაც 400 ათასზე მეტი ახალი ნერგი დაირგვება. მხოლოდ წელს 40 ათასი ნერგი ირგვება. აღდგება ის კომუნიკაციები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, რომელიც იქ ისედაც არსებობდა. ჯამში ეს არის 48 კილომეტრი ბილიკი, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ თბილისელებმა. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ფონდ „გარემოსა და განვითარებასთან“ ერთად ახორციელებს. 5 წლის თავზე ეს უნიკალური ტერიტორია, დედაქალაქის მწვანე ფილტვი ისევ აღდგება და დაუბრუნდება ქალაქს. ფონდი „ქართუ“ მთელი თავისი რესურსით ცდილობს, რომ სარეკრეაციო ზონები მოწესრიგდეს. ფონდი წლების განმავლობაში ზრუნავდა სხვა ზონებზეც, როგორიცაა ბოტანიკური ბაღები, დაცული ტერიტორიები, ეროვნული ნაკრძალები და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ, შევერკინოთ ამ ეკოლოგიურ პრობლემა, იმ კატასტროფას, რაც ბოლო წლებში დედაქალაქში დატრიალდა და იმედი მაქვს, ამ პროექტებით თბილისს ის სიმწვანე დაუბრუნდება, რაც მას ყოველთვის ჰქონდა“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.