ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის მრავალწლოვანი ნარგავები, რომლის მდგომარეობა და კონდიცია იძლევა იმის საშუალებას, რომ შენარჩუნდეს პარკისთვის, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის ცენტრალურ პარკზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ტერიტორია გამწვანების მხრივ საკმაოდ რთული ტერიტორია. „იქ არის ბევრი სირთულე, მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ მას, არამედ გაცილებით მეტ გამწვანებას შემოვიტანთ ამ ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას ხრიოკია და გაუბედურებულია, გამწვანდება ისე, როგორც შეეფერება დედაქალაქის ცენტრალურ პარკს“, – განაცხადა ჩხეტიანმა.
რაც შეეხება ვადებს, როდის დასრულდება პარკის მშენებლობა, ნიკოლოზ ჩხეტიანი პასუხობს: „ზუსტი თარიღის დასახელება ამ ეტაპზე ჩემთვის შეუძლებელია. ჩვენი შეფასებით, 30-36 თვე დასჭირდება მთლიანობაში მთელ პროექტს, თუმცა ვინაიდან ის სეგმენტებად ხორციელდება, გარკვეული ნაწილი გაცილებით მალე დასრულდება“.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია კერძო მესაკუთრეებისგან ფონდმა „ქართუმ“ 2009 წელს გამოისყიდა და მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ცენტრალური პაკის მშენებლობასაც 100 პროცენტით ფონდი ქართუ დააფინანსებს, იგეგმება ათეული მილიონი ლარის დახარჯვა.