„საქართველოს წინსვლის გზა“ – შეთანხმება ხელმოწერილია “ნაცმოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და “ლეიბორისტების” გარეშე

1153

წინა სტატია

შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ – შეთანხმება ხელმოწერილია “ნაცმოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და “ლეიბორისტების” გარეშე. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, “ლელოს” ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, “მოქალაქეების” თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა და “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გარდა ამისა, დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დავით ბაქრაძე, რომელმაც გასულ კვირას “ევროპული საქართველო” დატოვა და “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ და “ლეიბორისტული პარტია”.

შარლ მიშელის დოკუმენტზე მმართველი გუნდის სახელით ხელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა მოაწერეს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი შეთავაზება, რომელსაც პარტიებმა ხელი მოაწერეს, ხუთ პუნქტს მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

როგორც გაირკვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან დოკუმენტზე ხემოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა, ჩემი გული საქართველოშია, – განაცხადა  შარლ მიშელმა.