მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის ამ გარიგებაში ვერ და არ შევა, რაც მისი შეუვალი პოზიციაა.
„ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული „თავისუფლების“ შედეგი რა იქნება, შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები.
თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.
მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა.
„ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება“, – წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.