ჩამორთმეული სტატუსი, მიზერული ანაზღაურება და ავარიული შენობა ახალციხის სამუსიკო სკოლაში თითქმის ყველა პედაგოგს აწუხებს. მიუხედავად ამისა, პრობლემებზე საუბარი ა(ა)იპ „ახალციხის სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელს, ცისანა ახვლედიანს არ სურს. მისმა შვილმა კი, რომელიც ამავე სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტს განუცხადა რომ ცისანა ახვლედიანის კომენტარის გამოქვეყნების შემთხვევაში პრობლემა შეექმნებოდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის სამუსიკო სკოლამ საკლასო ოთახებში სწავლება, 2021 წლის თებერვალში განაახლა. მანამდე კი იყო რთული პერიოდი, როცა მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებოდათ. პანდემიის გამო გადაიდო 2020 წლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებაც.
„პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ასწავლო მოსწავლეს ფორტეპიანო ვირტუალურად? პრობლემა იყო, რადგან ყველა მოსწავლეს არ აქვს სახლში ინსტრუმენტი და შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა მათთვის გაკვეთილების ჩატარება“, – გვიყვება ახალციხის მუსიკალური სკოლის ერთ–ერთი პედაგოგი.
გარდა პანდემიისგან გამოწვეული პრობლემებისა, მუსიკალური სკოლის თანამშრომლებს სხვა საკითხებიც აწუხებთ: მიზერული ანაზღაურება, ჩამორთმეული პედაგოგის სტატუსი და ავარიული შენობა, რომელშიც ისევ შეშის ღუმელით თბებიან.
„პანდემია ჩვენთვის არის მეათასე ხარისხოვანი იმ პრობლემებთან შედარებით, რაც სკოლაში გვაქვს. დიპლომებში გვიწერია სამუსიკო სკოლის პედაგოგი, მაგრამ დღემდე ოფიციალურად პედაგოგის სტატუსი არ გვაქვს. წინა მთავრობის პირობებში ჩამოგვართვეს სტატუსი და დღემდე ასე ვართ. „კულტურის მუშაკები“ გვქვია. ყოველი არჩევნების წინ გვპირდებოდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ პედაგოგის სტატუსის დაბრუნებაში, მაგრამ არაფერი. არ მინდა ცუდად გაიგოთ, მაგრამ ბაღის მუსიკის მასწავლებლებს ჩვენზე მეტი ხელფასი აქვთ და პერიოდულად სულ ემატებათ. ჩვენ კი არანაირი ყურადღება არ გვექცევა ამ მხრივ“, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.
როგორც მასწავლებლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავენ, სკოლაში მაქსიმალური ხელფასი ამჟამად 60–დან 250 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც დამოკიდებულია ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობაზე. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის მერიაში ბევრჯერ ჰქონიათ საუბარი სტატუსის და დაბალი ხელფასების შესახებ, მაგრამ მცდელობას შედეგი არ მოჰყვა.
„ხელფასები მიზერული გვაქვს, 60 ლარიდან დაახლოებით 250 ლარამდე. თუ 200 ლარი გაქვს, კარგ ხელფასად ითვლება. მოსწავლეებზე ვართ დამოკიდებული, თუ მეტი მოსწავლე გყავს იმდენს იღებ, რამდენიც ვთქვი, თუ – არა, შედარებით ნაკლებს. მთელი წელი თავდაუზოგავად ვშრომობთ, მაგრამ ეს ხელფასზე არ აისახება. თავიდანვე ასე იყო. რამდენიმე წლის წინ ოდნავ მოგვიმატეს, მაგრამ იმდენად ცოტაა, რომ თქმადაც არ ღირს“, – გვიყვება ერთ–ერთი პედაგოგი.
გარდა სახელფასო ანაზღაურებისა და პედაგოგის სტატუსის არ ქონისა, სკოლის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა ავარიული შენობაა. სამუსიკო სკოლა ორი შენობისაგან შედგება. შენობის ის ნაწილი, რომელსაც საუკუნენახევრის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამორტიზებული და სახიფათოა. 80-ანი წლების შემდეგ, როცა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა, სკოლაში რემონტი აღარ ჩატარებულა.
„როცა ცუდი ამინდია და ქარი უბერავს, გაკვეთილებს ძლივს ვატარებთ ფანჯრების ზანზარში. სკოლაში სავალალო მდგომარეობაა. ყოველ წელს გვპირდებიან დახმარებას და შენობის რემონტს, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. მივარდნილ სოფლებშიც კი სკოლები გააკეთეს, ყველგან გათბობაა, თუმცა, ჩვენ კიდევ შეშით ვთბებით. ახალციხე კულტურის მხრივ დაჩაგრულია. არც კულტურის სახლი გვაქვს და მუსიკალური სკოლაც ამ დღეშია“, – ამბობს ერთ–ერთი პედაგოგი „სამხრეთის კარიბჭესთან“.
სკოლაში დღემდე არაა გაზი, დერეფნებიც ჩაბნელებულია, რის მიზეზადაც კომუნალური ხარჯების დაზოგვას ასახელებენ. სკოლას ფუნქციონირება და ღონისძიებების ორგანიზება განსაკუთრებით ზამთარში უჭირს.
„კარგი დარბაზები გვაქვს, მაგრამ აქ ზამთრის ცივ პერიოდში რაიმე ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია იმდენად ცივა, ამიტომ ღონისძიებებს მხოლოდ ზაფხულობით ვმართავთ ძირითადად. თუ ზამთარშია საჭირო, საკლასო ოთახში ვატარებთ ხოლმე დანთებული შეშის ღუმელით, რომ არ ციოდეს“, – გვიყვება ერთ–ერთი მასწავლებელი.
აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორს, ცისანა ახვლედიანს მივაკითხეთ. მან თავდაპირველად კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, შემდეგ კი განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სკოლისთვის ყველაფერს აკეთებს.
„მერია ძალიან გვერდში გვიდგას და გვპატრონობს. ასეთი დაფინანსება ჩვენ არასდროს არ გვქონია. ხელფასები ცოტა აქვთ მასწავლებლებს, თუმცა ჩვენ ისე გვიყვარს ჩვენი საქმე, რომ ნახევარზე მეტი ენთუზიაზმით ვართ. წარმატებული სკოლა ვართ და პანდემიამდე ჩვენმა მოსწავლეებმა გრანპრიც მოიპოვეს. ახლა ვამზადებთ სოლო სიმღერის კონკურსს, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში და მოგიწვევთ აუცილებლად“, – გვითხრა ცისანა ახვლედიანმა.
აღნიშნული საუბრის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციაში სამუსიკო სკოლის ორი თანამშრომელი მოვიდა, მათ შორის ერთი ცისანა ახვლედიანის შვილი, ნინო გოგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ცისანა ახვლედიანის კომენტარი სტატიაში არ უნდა გამოგვეყენებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში „პრობლემა შეგვექმნებოდა“.
„მას არ სურს, რომ თქვენს მიერ ჩაწერილი საუბარი გამოქვეყნდეს. ამ მუსიკალური სკოლის გარდა არაფერი გაქვთ დასაინტერესებელი? ეს ჩანაწერი არ გაუშვათ არსად, თორემ პრობლემა შეგექმნებათ, მან უარი თქვა კომენტარზე, ის უბრალოდ გაგესაუბრათ“, – განაცხადა ნინო გოგიძემ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა აღნიშნული სკოლიდან პირველი არ არის. „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციაში სამუსიკო სკოლიდან 2019 წელსაც მოვიდნენ და მოგვთხოვეს მასალის გამოქვეყნებაზე უარი გვეთქვა, ორი წლის წინაც რედაქცია ავარიულ შენობასა და სკოლაში არსებულ პრობლემაზე წერდა.
ააიპ „ახალციხის სამუსიკო სკოლაში“, რომელიც აწყურის და ვალის სკოლებსაც აერთიანებს, 319 მოსწავლე სწავლობს. ააიპ-ის მიმდინარე წელს 231 ათას ლარს შეადგენს, თუმცა რამდენია აქედან თანამშრომლების ხელფასებისთვის გაწერილი უცნობია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული წლიური ბიუჯეტის ქვეპროგრამაში, „ახალციხის სამუსიკო სკოლის“ შესახებ ვკითხულობთ, რომ სამუსიკო სკოლების პედაგოგებისთვის სტატუსის არ ქონა ერთ–ერთი გამოწვევაა. აღნიშნულის გამო „სამუსიკო სკოლის“ პედაგოგები ვერ სარგებლობენ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სპეციალური პროგრამებით: როგორიცაა პედაგოგთა ჯანმრთელობის დაზღვევა, დანამატი მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებული პედაგოგებისთვის, პედაგოგთა სერტიფიცირების შედეგად ხელფასის ზრდა და სხვა. ქვეპროგრამის თანახმად, დაგეგმილია დასაქმებულ პედაგოგთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა.
რაც შეეხება სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციას, აღნიშნულ საკითხზე ახალციხის მერმა ჯერ კიდევ 2018 წელს ისაუბრა. მაშინ ზაზა მელიქიძემ თქვა, რომ შენობა 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გარემონტდებოდა, თუმცა აღნიშნული სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალციხის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებისთვის ტენდერი 32 000 ლარზე 2020 წლის 2 მარტს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „სითი არტ“ – თან მერიამ ხელშეკრულება 28 000 ლარზე გააფორმა.
სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის საკითხზე „სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კითხვები დაგვიწუნა.
„მუსიკალური სკოლა რომ სარეაბილიტაციოა ეს ჩვენზე უკეთესად არავინ არ იცის. არასწორად სვამთ კითხვას. სარეაბილიტაციო რომაა სკოლა, ამიტომ მოვამზადეთ პროექტი და როდის განხორციელდება პროექტი „ცოტა უხერხული“ კითხვაა“, – გვპასუხობს ზაზა მელიქიძე.
„სამხრეთის კარიბჭეს“ აგრეთვე სურდა სამუსიკო სკოლის პედაგოგების მიერ წამოჭრილ ანაზღაურების და პედაგოგის სტატუსის საკითხზე ზაზა მელიქიძის პოზიციის მოსმენა, თუმცა კითხვის დასმამდე ტელეფონი გაგვითიშა.
სახელოვნებო სასწავლებლების პრობლემების შესახებ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ანგარიში გასულ, 2020 წელს გამოაქვეყნა. ანგარიშში სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების ამჟამინდელი მდგომარეობაა ასახული.
კულტურის შესახებ კანონის მე–19 მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციაში შედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც სახელოვნებო–საგანმანათლებლო პროგრამებზე ნაწილდება.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის კვლევაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ჩანაწერი კანონში არასაკმარისია, შესაბამისად, ვერ ხდება სრულად უწყებებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა და კულტურის სფეროს საჭიროებების დადგენა და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ასევე დღემდე არაა სახელოვნებო განათლების შესახებ კანონი შემუშავებული და მიღებული.
„კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მთავრობას დღემდე არ აქვს მიღებული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა.
ნათელია, რომ სახელოვნებო სფეროში, კერძოდ სამუსიკო სკოლებში არსებული მძიმე მდგომარეობა ცნობილია საკითხზე პასუხისმგებელი ყველა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისთვის, თუმცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, კომპლექსური მიდგომით საკითხზე მუშაობა და სტრატეგიის შემუშავება მრავალი წელია ჭიანურდება, რაზეც მეტყველებს პასუხისმგებელი პირების დუმილი და არსებულ პრობლემებზე საუბრის შიში“, – აღნიშნულია კვლევაში.