ბორჯომში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ლიეტუველი ინჟინერის, ანტანას ვილკუტაიტისის ბიუსტის განსათავსებლად, ადგილობრივი თვითმმართველობა პლატფორმას მოაწყობს, ბიუსტს კი ლიეტუვის რესპუბლიკიდან ჩამოიტანენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბიუსტის დასადგამი პლატფორმის მოწყობისთვის ბორჯომის მერიამ ტენდერი 9 650 ლარზე გამოაცხადა.ინფრასტრუქტურის განვითრების განყოფილების უფროსის, ნინო გიუაშვილის თქმით, პლატფორმის მოწყობა საქართველოს ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლებმა სთხოვეს.
„ეს იყო ლიეტუვას საელჩოს ინიციატივა, როგორც ვიცი ბორჯომში რკინიგზის მშენებლბის ისტორიას უკავშირდება ამ ძეგლის დადგმა. ჩვენ გვთხოვეს დახმარება, რომ ძეგლის დასადგმელად გაგვეკეთებინა მხოლოდ ფეხი და თვითონ ჩამოიტანენ ბიუსტს, რომელსაც დააყენებენ ამ ჩვენ მოწყობილ სადგამზე“,- ამბობს ნინო გიუაშვილი.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, რკინიგზის სადგურთან გაკეთდება ფიბრობეტონის კვარცხლბეკის ცილინდრი და საინფორმაციო დაფა.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 16 აპრილიდან დაიწყება და 19–ში დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
ლიეტუველი ინჟინერი, დრამატურგი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი ანტანას ვილკუტაიტის–კეტურაკისი 1864 დაიბადა. 1891 წელს, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და ბორჯომში რკინიგზის მშენებლობას ზედამხედველობდა. იგი პეტერბურგში 1903 წელს გარდაიცვალა. მისი საფლავი უცნობია.