ახალციხეში ინტერმუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი კვლავ გაურკვეველია. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დამტკიცებული პროექტების ნუსხაში თავშესაფრის მშენებლობა გათვალისწინებული არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მომზადებულ იქნა ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის საპროექტო დოკუმენტაცია. პროექტის თანახმად, თავშესაფარი გათვლილია 250 ძაღლზე (250 ზაფხულის ვოლიერი, 250 ზამთრის ვოლიერი), პროექტით დამატებით განსაზღვრულია სხვადასხვა სივრცეების მოწყობა, როგორიცაა – კარანტინი, სასეირნო, პოსტოპერაციულ და ა.შ.. ასევე, პროექტით უნდა მოეწყოს ადმინისტრაციული შენობა პერსონალისთვის და ავტოფარეხი სპეც-ტექნიკისთვის, გათვალისწინებულია კრემატორიუმის შენობის მოწყობა შესაბამისი აღჭურვილობით. რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობას, გაცნობებთ, რომ ამ დროსთვის დამტკიცებულ ფონდის პროექტებში არ არის გათვალისწინებული აღნიშნული პროექტის განხორციელება“, – ნათქვამია წერილში, რომელიც „სამხრეთის კარიბჭემ“ მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიიღო.
მათივე ინფორმაციით, 2019 წელს შედგენილი ხარჯთაღრიცვის მიხედვით, მშენებლობისთვის 7 300 000 ლარია საჭირო.
ახალციხეში ცხოველთა თავშესფრის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, მაშინ როცა ლაშა გეგეჭკორმა მუნიციპალიტეტს მშენებლობის პროექტი უსასყიდლოდ გადასცა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ცხოველთა თავშესაფარი ინტერმუნიციპალური იქნებოდა და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურებოდა.
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავშესაფრის მშენებლობისთვის თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა მოიძიოს. რეგიონის მუნიციპალიტეტები კი მის ფუნქციონიერებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.