დაბა „ჯვარში“ სამი სასწავლო სახელოსნო შენდება

356

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე, სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა სრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში პროფესიული სტუდენტები იატაკისა და ფილის სამუშაოების, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის, საბათქაშე და სამღებრო სამუშაოების პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან. პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება ხუთასი ათასი ლარია.

მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებსა და კოლეჯში არსებულ მდგომარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნო. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კოლეჯის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე არსებული საჭიროებები და სასწავლებლის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ კოლეჯი „ლაკადა“ წალენჯიხისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ელექტრობის, სამკერვალო წარმოების, კულინარიისა და საფინანსო მომსახურების მიმართულებით ახორციელებს. კოლეჯი მსურველებს ასევე ინტეგრირებულ პროგრამებსა და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს სთავაზობს.