ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ შერჩეული პროექტების დამტკიცებას ხმაური მოჰყვა

662

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ შერჩეული პროექტების დამტკიცებას ხმაური მოჰყვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა, განაცხადა, რომ გასულ წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ჯერ კიდევ დაუსრულებელია.

„საქარიქედში მოსახლეობას წყალი ჯერ კიდევ არ მიეწოდება. წყლის სისტემის მოწესრიგება ინდმეწარმე „თამაზ შავიძეს“ დაევალა, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება. ეს პიროვნება „ქართული ოცნების“ კოორდინატორია. თეთრაწყაროში ვეფხვაძეების უბანში, წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად 17 ათასი ლარი უშედეგოდ დაიხარჯა“, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

„მეწარმეების პოლიტიკური მრწამსი ჩვენი გასარჩევი არაა, თუ ის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ჩვენ დავიწყეთ წყლის სისტემების მოწყობა, თუმცა რჩება პრობლემები და ვცდილობთ მათ მოგვარებას“, – სხდომაზე თორნიკე ავალიშვილს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა უპასუხა.

„თუ მეწარმე საქმეს ვერ აკეთებს, კოორდინატორად არ უნდა დანიშნო და პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა წყალს არ უნდა გაატანო, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, საკრებულოს წევრი პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, – ასე მოხდა „ღია ესტრადის“ შემთხვევაში, როცა 0,5 მლნ ლარი დაიხარჯა და გაკეთებული არაფერია. ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს ოთახების რემონტისათვის 80 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა დერეფანში წყალი ჩამოდის“.

„ნუ „გაბურღეთ ტვინი“ ერთი და იგივე საკითხზე საუბრით; რაც თქვენ დანაშაულებები გაქვთ ჩადენილი, ჩაიწყვიტეთ ხმა! – მიმართა კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ.

„ჯერ ზრდილობა ისწავლე, შემდეგ დაჯექით მაგ სკამზე, კორუმპირებულო, თაღლითო, გამყალბებელო, – უპასუხა თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს.

„წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ იმავე ოდენობით თანხა გამოიყო, რამდენიც შარშან. თუმცა, ამ თანხის მსყიდველობითი უნარი ნაკლებია და პროექტების ჯეროვან შესრულებას ვეღარ მოვახერხებთ, – წუხს ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი, – კარგი იქნება, თუ გზების მოსახრეშად გამოყოფილი თანხით დასახრეშს მასალას ადგილობრივი კარიერებიდან შევიძენთ, რადგან სხვა ქალაქებიდან შემოტანილი მასალა ძალიან ძვირი დაგვიჯდება“.

„ამ საკითხზე მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობს და იმედია, მოვაგვარებთ“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მოსახლეობის კრებებზე შერჩეული 156 პროექტის განხორციელება იგეგმება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან  890 ათ. ლარი გამოიყო; ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებისთვის – 193 ათ. ლარი.