სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ სივრცეებს აწყობს. 2 523 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცე და სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტების მინი-ფეხბურთის სტადიონი. 40×25 ზომის ხელოვნურსაფარიან მოედანთან გაკეთდება 60-ადგილიანი მაყურებელთა ტრიბუნა და სტადიონის განათების სისტემა. მოედნის გარშემო 140-მეტრიანი სარბენი ბილიკი განთავსდება. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთისა და ფრენბურთის კაუჩუკისსაფარიანი მოედანი და ფიტნესზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდება.
ტერიტორიაზე გამწვანდება, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, სადაც სკამები და ურნები განთავსდება, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება და გარე განათების სისტემა დამონტაჟდება. პროექტის ღირებულება 614 ათასი ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პე ბე“ ასრულებს.