ბორჯომში მერის სამმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა

1009

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ თემში მერის წარმომადგენლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. ტბასა და ტაბაწყურში ძველი თანამშრომლების პოზიციაზე ახლები დაინიშნენ, ამ დრომდე ვაკანტურია თანამდებობა ბაკურიანის თემში. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

დაბა ბაკურიანის წარმომადგენელი, გოჩა გობრონიძე ერთ–ერთია, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

„მიზეზი პირადული იყო, ოჯახური პირობებიდან გამომდინარე მომიწია წამოსვლა. მე თვითონ ვთხოვე ხელმძღვანელობას, რადგან შვებულება უკვე გამოყენებული მქონდა და არ გამოდიოდა სხვანაირად. ერთი–ორი თვე ოჯახს უნდა მივხედო, ახლა მასზე მნიშვნელოვანი არაფერია. მოგვიანებით მუშაობას სავარაუდოდ იგივე თანამდებობაზე გავაგრძელებ“, – გვითხრა გობრონიძემ.

თანამდებობა დატოვა ტბის თემის წარმომადგენელმა, გოჩა სტეფნაძემაც. იგი  აღნიშნულ პოზიციაზე შვიდი თვის წინ დაინიშნა.  მისი ადგილი პავლე გეგეშიძემ დაიკავა. რაც შეეხება ტაბაწყურის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ მნაკაცან ირიციანი რაშიტ ხაჩატურიანმა ჩაანაცვლა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანმა აღნიშნული პოზიცია ნებაყოფლობით, პირადი პრობლემების გამო დატოვა.

„ჩევენ არავის არ ვუშვებთ სამსახურიდან, ყველა თვითონ მიდის თავისი განცხადების საფუძველზე. ანუ ბაკურიანის, ტაბაწყურის და ტბის ადმინისტრაციული თემის წარმომადგენლებმა თვითონ გადაწყვიტეს ოჯახური პირობების გამო სამსახურიდან წასვლა. ტაბაწყურში და  ტბის ერთეულში უკვე ჩანაცვლდა წარმომადგენლები, ხოლო ბაკურიანში კვლავ მიმდინარეობს განხილვა“, – განაცხადა ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილა.

როგორც, ბორჯომის მუნციაპლიტეტის მერიაში აცხადებენ სხვა სოფლებში მერის წარმომადგენლები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.