კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.
დავის საგანია თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კუკავას უფასო პოლიტიკური რეკლამა, სადაც ის ერთ-ერთი მედიკამენტის სახელწოდებას და ფასს ასახელებს.
კომერციული რეკლამის ელემენტების მოტივით, მაუწყებელმა მითითებული ვიდეორგოლი ეთერში არ გაუშვა.
ტელევიზიის იურისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს არ ეთანხმება და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მაუწყებლის შესახებ კანონის ერთ-ერთ მუხლზე მიუთითებს.
საკუთარი პოზიციის დასაცავად, მაუწყებელი მსგავს თემაზე კომისიის 2012 წლის გადაწყვეტილებასაც იხსენებს. დავა სამართლებრივ სივრცეში გრძელდება.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი