გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, მოადგილის თანამდებობის გარდა, ამ დრომდე იკავებს ა(ა)იპ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას, რომლის უფლებასაც კანონი უზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რადიო მოზაიკა, რომელმაც ამის შესახებ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის 2022 წლის 15 მარტის ამონაწერის მიხედვით დაადგინა.
კანონის “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა), ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში”.
ამ საკითხზე “მოზაიკა” ადამიანის უფლებთა ცენტრის იურისტსაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, თამაზ შიოშვილმა დაარღვია ქვეყანაში მოქმედი კანონი, რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს ქმნის.
“თამაზ შიოშვილი, როგორც გორის მერის მოადგილე, არის თანამდებობის პირი და ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მას აღარ ჰქონდა უფლება, დარჩენილიყო რომელიმე იურიდიული პირის პრეზიდენტის პოზიციაზე. მას ჰქონდა 100-დღიანი ვადა იმისთვის, რომ პრეზიდენტის პოზიცია დაეტოვებინა, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, კანონის შესაბამისად, მან უნდა დატოვოს გორის მერის მოადგილის თანამდებობა, ან პირადი გადაწყვეტილებით, ან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გორის მერმა”, – განმარტავს ალექსი მერებაშვილი.
თამაზ შიოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს კანონის “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” მე-16 მუხლი წარმოადგენს.
გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, საკუთარი მოადგილის კანონდარღვევასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.