ჩატარებული სამი აუქციონის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაყიდა, რის გამოც ისინი მეოთხე აუქციონს აცხადებენ. ქონების საწყისი ფასი თითქმის 97 მლნ ლარია.
როგორც პირველი არხი წერს, პირველი აუქციონი 40 მლნ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა. უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32,4 მლნ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) მესამედ გავიდა აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.
არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამძიმებული ეპიდვითარების და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამო, მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა აუქციონის პროცედურები.
ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას. ქონება აუქციონზე 96 904 512 ლარის საწყისი ღირებულებით, აუქციონის მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით არის გატანილი.