გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა საბავშვო ბაღებში გამოავლინა გარკვეული დარღვევები. ისინი შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა სააგენტოს შესაბამის სამსახურს, რომელმაც განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, – ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს შუალედური ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც შესაფასებლად საკრებულოს წარედგინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
2019 წლის განმავლობაში, სკოლამდელ დაწესებულებები გამოვლინდა შემდეგი ტიპის დარღვევები: აღსაზრდელთა დასწრების ჟურნალში არ ფიქსირდებოდა გაცდენილი დღეები;
ჟურნალში არ ფიქსირდებოდა ჯგუფში მყოფი ყველა ბავშვი; აღსაზრდელთა პირადი მონაცემი განსხვავებულად იყო დაფიქსირებული ჟურნალსა და პირად საქმეში; არ იყო ნაწარმოები აღსაზრდელთა დროზე ადრე გაყვანის ჟურნალი.
სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო განყოფილების სპეციალისტებმა აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, სარეკომენდაციო მითითება მისცეს იმ დაწესებულების ხელმძღვანელებს და აღმზრდელებს, სადაც მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოვლინდა.