ავტორი: ანი გუგეშაშვილი
შესრულებულ სამუშაოებთან შეუსაბამო 1 800 ათასი ლარი და სავარაუდოდ, საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში, – ასეთია დასკვნა, რომელიც აუდიტის სამსახურმა აღნიშნული უწყების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტზე – ქობულეთის მუნიციპალიტეტში ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დადო.
როგორც ირკვევა, აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია სამ წელში ორჯერ ჩაუტარდა, ორჯერვე გზის საპროექტო სამუშაოებიც და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ერთი და იმავე კომპანიებმა შეასრულეს, ჯამში, სამუშაოებზე 2 570 155 ლარი დახარჯეს, აუდიტის სამსახური კი სამუშაოებიდან გახარჯული თანხის ნაწილის – 2016 წელს – 600 ათას ლარზე მეტის და 2018 წელს – 800 ათას ლარზე მეტის არამართლზომიერ ხარჯვას ადგენს.
დოკუმენტის თანახმად, პირველად ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს “გზაპროექტმა” შეადგინა, რაშიც დეპარტამენტმა 4,624 ლარი გადაიხადა. თავად გზის მოწყობის სამუშაოები კი შეასრულა შპს “სამკუთხედმა”, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში დანარჩენ 4 პრეტენდენტს დაბალი ფასით აჯობა და დეპარტამენტთან 634,886 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების ეტაპზე, მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, რითაც დადასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი.
2016 წლის 29 ნოემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით კი დგინდება, რომ ბეტონის მოცულობის, არმატურის სახეობის და რაოდენობის, სხვა ფარული სამუშაოების მოცულობების რაოდენობრივი სიზუსტე და შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ არის დადასტურებული, თუმცა, ამის მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს “სამკუთხედს” 631 360 ლარი მაინც გადაუხადა.
2 წლის თავზე, 2018 წელს, უწყებამ საავტომობილო გზის ამავე მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები კვლავ განახორციელა. ამ სამუშაოების საფუძვლად კი გეოლოგიური დასკვნა წარმოადგიდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დასკვნა ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან, უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენამდე და გზის მდგომარეობის შესწავლამდე ორი თვით ადრე, 2017 წლის 28 დეკემბერს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შესყიდული ჰქონდა.
დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაცია ისევ შპს “გზაპროექტისგან“ შეისყიდა. სწორედ ამ შესყიდვის შემდეგ არის წარდგენილი გეოლოგიური დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ფერდსამაგრი სამუშაოების და სანიაღვრე არხების მოწყობა იყო საჭირო.
სწორედ ამ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, დეპარტამენტმა კვლავ გამოაცხადა ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერი და ამ ტენდერშიც, ისევე, როგორც 2016 წელს, ისევ შპს “სამკუთხედმა” გაიმარჯვა. ამჯერად სამუშაოების ფასი 1,962,990 ლარს, ანუ სამჯერ იმაზე მეტს შეადგენდა, ვიდრე 2016 წელს.
როგორც ირკვევა, კომპანიას გზის რეკონსტრუქცია 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა, აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სამუშაოები, ფაქტობრივად, 2019 წლის თებერვალში დასრულდა, ხოლო შპს “სამკუთხედისთვის” სრული სახელშეკრულებო ღირებულება – 1 938 795 ლარია გადახდილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვარაუდობს, რომ, იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელსაც გზის იმავე მონაკვეთის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია შპს “გზაპროექტმა“ შეადგინა, ხოლო გზა შპს “სამკუთხედმა“ მოაწყო, წარმოშობს წინა პროექტის ხარვეზების დაფარვის მაღალ რისკს.
“აუდიტის ჯგუფის მიერ ზემოაღნიშნული გზის ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები ხარვეზით სრულდებოდა. კერძოდ, დაზიანებული იყო გზის სავალი ნაწილი და გაბიონები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაკვეთით, შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიერ განხორციელდა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება. წარმოდგენილი ინსპექტირების ანგარიშით ირკვევა, რომ შესრულებაში ნაჩვენები სამუშაოები და მოცულობები არ ემთხვევა ფაქტობივად შესრულებულ სამუშაოებს და მოცულობებს, სამუშაოები შესრულებულია სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით, რიგი სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მინიმალური ზღვრულ კოეფიციენტებს. ჯამში ინსპექტირების შედეგად შესრულებულ სამუშაოებს მიეცა უარყოფითი (საექსპერტო) შეფასება”, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
უწყების ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან მიმართებით, სამშენებლო სამუშაოების დანაკლისმა 221 509 ლარი შეადგინა, ხოლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნების შეუსაბამოდ წარმოებულმა სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ, რაც საერთო შესრულებული სამუშაოების დაანგარიშებაში ვერ იქნება გათვალისწინებული − 666 722 ლარი.
“გარდა ამისა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიერ საერთოდ ვერ იქნა გადამოწმებული 353 324 ლარის ღირებულების ფარული სამუშაოები. გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის პერიოდში ფარული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიწის და ხე-ბუჩქნარის დამუშავება, ტრანსპორტირება, დასაწყობება, განთავსება, ფიზიკური დათვალიერება) ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაძლებელია შეუსრულებელი სამუშაოს ფაქტობრივი მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს”, – ამბობენ აუდიტის სამსახურში.
“ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გადახდილია 1 938 795 ლარი, თუმცა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა და დანაკლისი, ჯამში შეადგენს 888 231 ლარს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტის მიერ 2018 წელს ვერ აიზომა 353 324 ლარის ღირებულების სამუშაოები და 2016 წელს ხარისხის შესწავლისა და დადასტურების გარეშე გადახდილია 631 360 ლარი, მაღალია რისკი იმისა, რომ სამუშაოები აქაც არასრულად იყოს განხორციელებული და შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა გაცილებით მეტი იყოს, რაც საბიუჯეტო სახრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს. ამასთანავე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ფარავს ბიუჯეტიდან ჯამში გახარჯული 2 570 155 ლარით მისაღებ სიკეთეს“, – ნათქვამია დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, შეისწავლოს ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე სამუშაოების არასრულად დაგეგმვის და შესრულების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთანავე, დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დროულად და სრულად გამოავლენს კანონშეუსაბამობებს და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას.
ცნობისთვის, აღნიშნულ პერიოდში უწყებას უმაღლესი საბჭოს დღეს მოქმედი დეპუტატი გიორგი რომანაძე და აჭარის მთავრობის ახლანდელი აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარონ.