ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გორის სამედიცინო-სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალ შენობაში დარღვევები აღმოაჩინეს. კომპანია ,,თელა” იძულებული გახდა ფასადზე გაკრული მასალის დემონტაჟი მოეხდინა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
,,საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ფასადზე ხის ფაქტურის კომპაქტ-ლამინატი, რაც ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობს, რის გამოც აღნიშნული სამუშაოები შევასრულეთ ხის მასალითჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული სამუშაოები შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ არ ჯდება ტიპიური პროექტით გათვალისწინებულ სტანდარტებში, რის გამოც
იძულებულნი ვართ მოვახდინოთ მისი დემონტაჟი და ალუკბონდით მონტაჟი,” – აღნიშნავს კომპანია ,,თელას” წარმომადგენელი იმ წერილში, რომელიც მან გორის მერს გაუგზავნა.
,,თელა” სამუშაოების ვადის გადაწევას ითხოვდა 2019 წლის 15 ნოემბრამდე. თუმცა, გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ახალი შენობა ჯერ გახსნილი არაა.
კომპანაი ,,თელას” მტკიცებით, ობიექტზე საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, კერძოდ, შემოღობვის საძირკვლის დაბეტონება 20მ3, სადრენაჟე სანიაღვრე ჭების მოწყობა.
,,საჭირო გახდა ელ. ენერგიის და სასმელი წყლის მიყვანა ობიექტამდე, რის უფლებასაც სამუშაოების დასაწყისში არ გვაძლევდნენ. აღნიშნული საკითხების მოგვარებამდე შეფერხდა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი გარკვეული დროით,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, რომ გორში, ჭონქაძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადად 2019 წლის 15 ნოემბერია მითითებული.