ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1180კვ.მ მიწა თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცა

387

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1180კვ.მ მიწა თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცა. ასევე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სიმბოლურად, ერთი ლარით განისაზღვრა 2021 წლის 01 მარტიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი. გადაწყვეტილება პანდემიის პირობებში, მგზავრთა გადამყვანი კომპანიების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით იქნა მიღებული.

სამშაბათს, 30 მარტს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

საკრებულომ დაამტკიცა ,,საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის” ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულება.

სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ განკარგულება, ასევე განკარგულება, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ფიროსმანის ქ. #25-ში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 1180,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცა.

ასევე დამტკიცდა ნ. შაშიკაშვილის #74-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი.

საკრებულომ დაამტკიცა გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობაში განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.

დამტკიცდა საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გალაკტიონ ტაბიძის ქ. №13ა-ს მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

ასევე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი. დადგენილება 2021 წლის 01 მაისიდან ამოქმედდება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ქუჩად ჩამოყალიბდა და მას კონსტიტუციის სახელი მიენიჭა.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით სხდომაზე განსახილველი საკითხი საკრებულომ დღის წესრიგიდან ამოიღო და მისი განხილვა საკრებულოში ბულვარის განაშენიანების გეგმის წარმოდგენამდე გადადო.

საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში, რომლის მიხედვითაც, პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში არსებული ბინების 1 კვმ ფართის თვითღირებულება საერთო სარგებლობის ფართთან და წილობრივ მიწასთან ერთად განისაზღვრა 1083,0 ლარის ოდენობით.

ცვლილება შევიდა „შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულებაში, რომელიც ვადის 18 თვით გახანგრძლივებას გულისხმობს.

საკრებულომ მხარი დაუჭირა ზურაბ გორგილაძის ქ. N12-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე აკაკი შონიას მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.