საჩხერის ხუთ სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

609

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები სრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის არ არსებობის გამო, სოფლები წყლით მარაგდებოდა, ზოგიერთ უბანში კუსტარულად მოწყობილი მცირე ქსელებითა და ავზებით, დარჩენილი მოსახლეობა კი, სარგებლობდა ადგილობრივი წყაროებისა და ჭის წყლით.

სოფლების გამართული წყალმომარაგებისთვის მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, წყალსადენები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელები.

პროექტის დასრულების შემდეგ პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მაცხოვრებელი უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 9 მილიონი ლარია.