სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
„ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. N8-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. 2 300 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი 120-მეტრიანი ბეტონის კედელი და კიბე დამონტაჟდა.
ახალ სკვერში საბავშვო მოედანი და სხვადასხვა ატრაქციონი გაკეთდა. დაიდგა სასმელი წყლის ფანტანი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა.
სკვერის მიმდებარედ ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირთათვის.
პროექტის ღირებულება 364 800 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორმა კომპანიამ „კვადრელი“ შეასრულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.