ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩა N131-141-ში არსებული ამორტიზებული საფეხმავლო გზის გასამაგრებლად 106-მეტრიანი საყრდენი კედელი მოეწყო და ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდა. მერიის ინფორმაციით, გამაგრებული ტერიტორია ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა.
„ამ მონაკვეთზე საფრთხისშემცველი მდგომარეობა გვქონდა. პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და ამ ეტაპზე, გამაგრების სამუშაოები დასრულებულია. ბეტონის კონსტრუქციით გამაგრდა, როგორც საფეხმავლო გზა, ასევე ფერდობი. სამუშაოები საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო და გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ სამშენებლო პროცესი კარგად წარმართა. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება ახლა უკვე დაცულია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 464 000 ლარი დახარჯა.