აუდიტი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილს არაუფლებამოსილი პირები კომერციული საქმიანობისათვის უკანონოდ იყენებენ

486

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილს არაუფლებამოსილი პირები კომერციული საქმიანობისათვის უკანონოდ იყენებენ, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გააჩნია ქონება, რომელიც არ არის განკარგული. საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის განუკარგავი ქონების ნაწილი არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის. შედეგად, ფართის უკანონოდ გამომყენებელი არ იხდის ქირას და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შემოსავალს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების ნაწილი, არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის.

“რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მდგომარეობა შემოწმდა შერჩევით, მაღალია რისკი, რომ არაუფლებამოსილი პირები იყენებდნენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებსაც. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების კანონიერად განკარგვის მიზნით არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის რეკომენდაციაა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული ქონების არაუფლებამოსილი პირების მიერ თვითნებურად გამოყენების პრევენციას. ასევე, მუნიციპალიტეტმა მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ ქონების უკანონოდ გამოყენების აღკვეთა.