2018-2019 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განხორციელდა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტებზე დაყრდნობით, შემოსულობებმა 2018-2019 წლებში – 22,699.0 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 22,693.8 ათასი ლარი შეადგინა.
ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში.
აუდიტის ცნობით, დედოფლისწყაროს ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების მიხედვით, 2018 წელს დაბალია „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლის შესრულება. მათივე ინფორმაციით, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სარეალიზაციო ქონების ნაწილი არ გაიყიდა აუქციონზე.
“ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა წყალმომარაგების სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღის, სტადიონის, სკოლის ეზოს და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.
საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა არსებითი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 2,898.9 ათასი ლარი, რომლის ხარჯვაც დაიგეგმა 2018 წლისათვის. 2018 წელს ნაშთის გამოყენებამ მხოლოდ 251.9 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 2,647.0 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 2,015.1 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.
2019 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ნაშთის გამოყენება 2,496.2 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებამ 257.1 ათასი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ფულადი ნაშთებიდან 2019 წელს არ დაგეგმილა 150.8 ათასი ლარის ხარჯვა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული თანხა დატოვებულ იქნა საჭიროების შემთხვევაში გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთი 2,904.1 ათასი ლარი იყო. აქედან, 1,698.9 ათასი ლარი − თავისუფალი ნაშთია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და ამასთანავე, დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი. რაც აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.
აუდიტის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.