ბათუმის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანია „ტრეიდინგ სერვისი” ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარიძემ 2019 წლის იანვრიდან კომპანიის 50% წილი ბიზნესპარტნიორსა და სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, 2019-2020 წლებში „ტრეიდინგ სერვისთან” გაფორმებული ხელშეკრულებები კორუფციასთან დაკავშირებულ რისკებს აჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაარკვია, რომ ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირის ყოფილმა კომპანიამ 2019-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში 228,388 ლარზე მეტი ღირებულებების ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 143,426 ლარი ბათუმის მუნიციპალური ბაღების გაერთიანებაზე მოდის, ეს გაერთიანება კი, დებულების თანახმად, სწორედ ირაკლი პატარიძის კომისიის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს – განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია „სამოქმედო სფეროში კონტროლს უწევს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს”. შესაბამისად, კომისია არა მხოლოდ მუნიციპალური სერვისის მიწოდების ხარისხის კონტროლს, არამედ ხარჯების მიზნობრიობას და კორუფციულ რისკებს უნდა იკვლევდეს.
ირაკლი პატარიძემ „ტრეიდინგ სერვისი” სიძესთან (დის მეუღლე), გოჩა აბუსელიძესთან ერთად 2015 წელს დააფუძნა. გოჩა აბუსელიძე იყო პატარიძის პარტნიორი 2012 წელს დაფუძნებულ შპს Trading Service-შიც. ორივე კომპანია შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰიგიენისა და დასუფთავების პროდუქტებს სთავაზობდა და 2013-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების შედეგად 969,297 ლარი მიიღო.
ჯერ კიდევ 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღვნიშნეთ, რომ კუთვნილი კომპანიების მიერ მიღებული შემოსავალი ირაკლი პატარიძემ 2018 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა. სწორედ ეს გახდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მისი დაჯარიმების ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ამას საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.
ბათუმის საკრებულოში ირაკლი პატარიძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს, მანამდე 2016 წელს მან „ქართულ ოცნებას” 2000 ლარი შესწირა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზემოხსენებული კვლევა 2018 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, 2019 წლის 8 იანვარს კი პატარიძემ ორივე კომპანიის („ტრეიდინგ სერვისსა” და Trading Service) 50-50% წილები სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, მათგან ერთ-ერთმა კომპანიამ – „ტრეიდინგ სერვისმა”, წინა წლების მსგავსად, მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილეობა განაგრძო.
გარდა იმისა, რომ 2019-2020 წლებში „ტრეიდინგ სერვისთან” გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულების 62% (143,426 ლარი) ბათუმის ბაღების გაერთიანებაზე მოდის, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის სხვა მუნიციპალურ ა(ა)იპებთანაც: ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან, სოციალური სერვისების სააგენტოსთან, საჭადრაკო კლუბ „ნონასთან”, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურთან. ჯამში, ბათუმის ა(ა)იპების ხელშეკრულებებიდან კომპანიამ 2019-2020 წლებში შემოსავლის 80%-მდე მიიღო.
ჯამში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა 2013-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 1,203,485 ლარი მიიღეს. 2014-2017 წლებში ირაკლი პატარიძე ბათუმის მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2017 წლიდან კი საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარეა.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი პატარიძის კუთვნილი კომპანიები მუნიციპალური შესყიდვებიდან მნიშვნელოვან შემოსავალს იღებდნენ, მას ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული აქვს, რომ კომპანიების კუთვნილი წილებიდან შემოსავალი არ მიუღია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი პატარიძე ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, „ტრეიდინგ სერვისის” მეწილე აღარ არის, კომპანიის მიერ მუნიციპალური შესყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ირაკლი პატარიძის ამჟამინდელ თანამდებობას და შესაძლო გავლენებს უკავშირდება.
ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ირაკლი პატარიძემ ბიზნესპარტნიორ სიძეს კომპანიაში კუთვნილი წილები უსასყიდლოდ დაუთმო, რაც ფორმალური გადაფორმების შთაბეჭდილებას ტოვებს.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, დაიწყონ მოკვლევა ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ წარმოებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც „ტრეიდინგ სერვისის” გამარჯვებით დასრულდა.