ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

756

ახალციხის მუნიციპალიტეში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობასთან დასკვნითი შეხვედრები გაიმართა პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.

მერიის ცნობით, სოფლების დიდი პამაჯის, პატარა პამაჯის, ორალის, ყულალისის, საძელისა და ხაკის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: სასმელი წყლის წყლის შიდა ქსელის, სანიაღვრე არხების, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის შენობების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა და სხვა.

საკონსულტაციო შეხვედრებზე შერჩეული პრიორიტეტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.