აუდიტი: ადიგენის მერია საწვავს, სავარაუდოდ, არაავტორიზებულ მანქანებში ასხამდა

603

ადიგენის მერია საწვავს, სავარაუდოდ, არაავტორიზებულ მანქანებში ასხამდა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა 9-11 სამორიგეო ავტომანქანით, რაც აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. აღნიშნულ პერიოდში ავტომანქანებზე დაიხარჯა 83.5 ტონა საწვავი, საერთო ღირებულებით − 180.4 ათასი ლარი.

“მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია, სავარაუდოდ, არაავტორიზებული ავტომანქანებისათვის. კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთჯერადად ჩასხმული საწვავის მოცულობა აღემატება ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას მნიშვნელოვნად აღემატება.

აგაი სისტემის გამოყენების პირობებში მსგავსი ფაქტების არსებობა ტექნიკურად შეუძლებელია, ავტორიზებულ ავტომანქანაში ვერ ჩაისხმებოდა საწვავი იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე ავზის მოცულობაა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, აგაი სისტემა დამაგრებული არ იყო ავტომანქანაზე და მისი გამოყენებით საწვავს ასხამდნენ არაავტორიზებულ ავტომობილებში”, – ვკითხულობთ ნგარიშში.

ასევე, აუდიტის ცნობით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტი ადგილობრივი საჭიროებების მოგვარების მიზნით იყენებდა მის საკუთრებაში არსებულ ექსკავატორ-დამტვირთავს. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები ყოველი თვის დასაწყისში წარმოადგენდნენ ინფორმაციას მის ტერიტორიულ ერთეულში ტექნიკის მიერ ნამუშევარი საათების შესახებ, რის საფუძველზეც ხდებოდა საწვავის ჩამოწერა.

“მუნიციპალიტეტს საწვავის მოვლა-შენახვასა და ხარჯვაზე სხვა სახის კონტროლის მექანიზმები დაწესებული არ ჰქონდა. სპეციალური ტექნიკის საწვავით უზრუნველსაყოფად საანგარიშო პერიოდში მერიამ შეისყიდა 49.3 ათასი ლარის ღირებულების 19.1 ათასი ლიტრი საწვავი. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა საწვავის ხარჯვის მდგომარეობა. დადგინდა, რომ 2018 წელს შეძენილი 9749 ლიტრი საწვავიდან, ექსკავატორ-დამტვირთავმა 765 საათის მუშაობისას დახარჯა 7650 ლიტრი საწვავი; 1120 ლიტრი საწვავი დაიხარჯა გრეიდერის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებისას; 410 ლიტრი საწვავის ხარჯვა მოხდა 2019 წელს, ხოლო დარჩენილი 410 ლიტრის ხარჯვა მუნიციპალიტეტმა დოკუმენტურად ვერ დაადასტურა. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა სპეცტექნიკის ფუნქციონირებისათვის შეისყიდა 9395 ლიტრი საწვავი, ხოლო მერიის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტმა დაადასტურა და ჩამოწერა 9805 ლიტრი საწვავი, რაც 410 ლიტრით აღემატება მერიის მიერ 2019 წელს ფაქტობრივად შეძენილ საწვავს. 860 ლიტრი საწვავი მუნიციპალიტეტს ჩამოწერილი აქვს ორჯერ, ერთი და იმავე შესრულებული სამუშაოებისათვის და ერთი და იმავე დოკუმენტის საფუძველზე. შესაბამისად, წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებობს რისკი, რომ მერიაში საწვავი ფიქტიურად ჩამოიწერება”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში სპეციალური ტექნიკის ფუნქციონირებისათვის შესყიდული საწვავიდან, 1270 ლიტრის ხარჯვა დოკუმენტურად არ დასტურდება. ასევე, არ დასტურდება შესაბამისი ნაშთის არსებობა. გარდა ამისა, 2019 წელს გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურებულ და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებში, კერძოდ:

  • მუნიციპალიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსკავატორი თებერვალში მუშაობდა 72 საათის განმავლობაში, რისთვისაც მოიხმარა 720 ლიტრი საწვავი. შპს „თეგეტა მოტორსის“ 38 მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულმა ტექნიკამ 30 იანვრიდან 4 მარტამდე პერიოდში იმუშავა მხოლოდ 2 საათი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს ავტოგასამართ სადგურამდე მანძილი აღემატება 30 კმ-ს, მუნიციპალიტეტმა უმჯობესად მიიჩნია საწვავის ტრანსპორტირება დიდი ტევადობის ავზებით.39 ტრანსპორტირებასა და შენახვას ორგანიზებას უწევდა ექსკავატორ- დამტვირთავის ოპერატორი, საწვავს საკუთარ სახლში ასაწყობებდა, რაც შეიცავს საწვავის არამუნიციპალური მიზნებისთვის გამოყენების რისკს.

აუდიტის დასკვნით, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ ხარჯვასა და სპეციალური ტექნიკის განკარგვაზე, რამაც საწვავის/ტექნიკის არაუფლებამოსილი პირების მიერ ან/და არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება გამოიწვია.

აუდიტის რეკომენდაციაა, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიასთან შეთანხმებით შეიმუშაოს წესი საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება მიღებულ პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას. გარდა ამისა, მერიამ შეისწავლოს სპეციალური ტექნიკის მიზნობრივი გამოყენების საკითხი, დაადგინოს საწვავის ხარჯვის ხარვეზების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ.