ახალციხეში მერის წარმომადგენლების ნაწილს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს

606

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლებს ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ამოეწურათ, 19 წარმომადგენლიდან, ნაწილს ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმეს, ნაწილი კი სხვა პოზიციაზე დაასაქმეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფელ ფერსის წარმომადგენელი, გიორგი ბლიაძე ერთ–ერთია, რომელთანაც ვადის ამოწურვის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა. სვირის თემის წარმომადგენელი, ბორის შუბითიძე ახლად დანიშნული წარმომადგენლის მოადგილედ გადავიდა, ხოლო აწყურის რწმუნებულმა, რომან გორგაძემ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, ვადის ამოწურვამდე დაწერა.

„28 თებერვალს ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა, თუმცა განცხადება მე თვითონ დავწერე. პენსიაშიც გავდივარ, ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ ადგილი“,-განაცხადა მან „სამხრეთის კარიბჭეთან“

აწყურის თემში ჯერ ახალი წარმომადგენელი არ დანიშნულა, ხოლო დანარჩენ ორს, უკვე ჰყავს და მოვალეობასაც ასრულებენ.

19 წარმომადგენლიდან,  რამდენთან  აღარ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და რა იყო ამის მიზეზი, ვინ ჩაანაცვლა ყოფილი თანამშრომლები და როდიდან შეუდგნენ ისინი მოვალეობის შესრულებას, ამის გასარკვევად რედაქცია ახალციხის მერიას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ პასუხს წერილობით უახლოეს მომავალში გავცემენ.