ნინოწმინდის მერია საწვავს ყიდულობდა იმაზე ძვირად, ვიდრე შპს „ვისოლ ჯგუფი“ ოფიციალურად და დოკუმენტურად დადასტურებულად სთავაზობდა სხვა მუნიციპალიტეტს. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების აუდიტში.
კანონით, სახელმწიფო უწყებებმა საწვავი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უნდა შეისყიდონ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კომპანიის ავტოგასამართი სადგური მუნიციპალიტეტთან 14 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული, უწყებას უფლება აქვს საწვავი სხვა მომწოდებლისგან, შესაბამისი ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ყველაზე დაბალი ფასის დადგენის შემდეგ უნდა შეისყიდოს.
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ბაზრის კვლევის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ ბაზრის კვლევა ხორციელდებოდა კომპანიების: შპს „მეეკის“, შპს „ვისოლ ჯგუფისა“ და შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურების მონაწილეობით, თუმცა აღნიშნული კომუნიკაცია სატელეფონო იყო, რის გამოც ამას დოკუმენტურად ვერ დაადასტურებენ.
“მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ავტოგასამართ სადგურებში საწვავის ფაქტობრივი ღირებულებების დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა მოიპოვა შპს „ვისოლ ჯგუფის“ მიერ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტისთვის შეთავაზებული ერთი ლიტრი საწვავის ფასი, რომელიც შედარდა შპს „მეეკის“ და იმავე შპს „ვისოლ ჯგუფის“ ფასებთან, რომელთაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დოკუმენტურად წარადგენდა.
გამოვლინდა, რომ შპს „ვისოლ ჯგუფის“ მიერ სხვა მუნიციპალიტეტისათვის დაფიქსირებული ფასები უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებია მერიის მიერ შპს „მეეკისათვის“ გადახდილ ფასზე, მაგალითად, 2019 წლის თებერვალში შპს „ვისოლ ჯგუფმა“ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს ერთი ლიტრი პრემიუმის ხარისხის ბენზინი შესთავაზა 2.23 ლარად. ამავე თვეში მუნიციპალიტეტმა საწვავი შპს „მეეკისგან“ შეისყიდა 2.40 ლარად;
2019 წლის მაისში შპს „ვისოლ ჯგუფის“ ერთი ლიტრი პრემიუმის ხარისხის ბენზინის ფასი იყო 2.16 ლარი. მუნიციპალიტეტმა შპს „მეეკს“ გადაუხადა 2.35 ლარი,”- წერია დოკუმენტში.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, როგორც მონაცემებიდან ჩანს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საწვავს ყიდულობდა იმაზე ძვირად, ვიდრე შპს „ვისოლ ჯგუფი“ ოფიციალურად და დოკუმენტურად დადასტურებულად სთავაზობდა სხვა მუნიციპალიტეტს.
“იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდირებული კომპანიების საწვავის ფასები ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც წესი, ერთნაირია, შპს „ვისოლ ჯგუფი“ ერთსა და იმავე პერიოდში მუნიციპალიტეტებს შესთავაზებდა საწვავის ერთნაირ ფასს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ დოკუმენტებში მუნიციპალიტეტი მიუთითებდა შპს „ვისოლ ჯგუფის“ გაზრდილ ფასებს და მოიპოვებდა ხელშეკრულების სხვა მიმწოდებელთან – შპს „მეეკთან“ გაფორმების ნებართვას,” – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შპს „მეეკისგან“ საწვავს ასევე ყიდულობდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური და ა(ა)იპ ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი. ა(ა)იპებს 2018-2019 წლებში სულ შესყიდული აქვთ 162.8 ათასი ლარის საწვავი.
ცნობისთვის, შპს “მეეკი”, რომლისგანაც ნინოწმინდის მერია საწვავს ძვირად ყიდულობდა, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრების მფლობელობაშია.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, შპს “მეეკისგან”, რომელსაც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები ფლობენ, საწვავს სხვა მომწოდებლების ფასთან შედარებით ძვირად ყიდულობდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.