აუდიტი: ნინოწმინდის მერიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1.3 მლნ ლარი დახარჯა, რომელიც უხარისხოდ შესრულდა

956

ნინოწმინდის მერიამ ორი წლის განმავლობაში 1,274.5 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაიბარა, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს გამოსწორებას. ამის შესახებ საუბარია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლების  აუდიტში.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ 2018-2019 წლებში განხორციელდა სოფელ გორელოვკის მესამე საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 417.7 ათასი ლარი და ქ. ნინოწმინდაში №3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თანხით – 100.5 ათასი ლარი. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ობიექტები დაზიანებულია.

აღნიშნული ობიექტების გარდა, დათვალიერებით გამოვლინდა სულ 756.3 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული სამუშაო. კერძოდ, დაზიანებულია გზები,  საბავშვო ბაღები და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოებს, როგორც წესი, ამოწმებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფი; ბეტონის გზების ჩაბარებისას ტარდებოდა ბეტონის ლაბორატორიული კვლევა, ხარისხის დასადასტურებლად; ამასთანავე, მუნიციპალიტეტი პროექტებს იბარებდა სხვადასხვა საექსპერტო ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე.

როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე.

სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.

აუდიტის ობიექტს 2017-2019 წლებში შპს „ქრიზოლითი +“-თან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 50 ათას ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებაზე,  ღირებულებით 454.6 ათასი ლარი.  ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები თუ რა სანქციები გაატარა შპს ,,ქრიზოლითი +“- ის მიმართ, რომელმაც დაუშვა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება.