გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე, ზნაკვის ქუჩაზე (ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩის დამაკავშირებელი ზედა მონაკვეთი) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ასევე, ასფალტის საფარი 1000 კვ. მ-მდე ფართობზე იგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 62 742 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.
“ამჟამად, მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ბეტონის გზა ეწყობა. გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზე, 1385 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება. ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, გამგეობის მიერ, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. გამარჯვების ქუჩაზე კედლები ოთხ მისამართზე – N63–65–67-79 ეწყობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.