საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს

643

შემდეგი სტატია

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს. კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის პირველი საკომიტეტო განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 15:00 საათზე დაიწყება.

კომიტეტის სხდომაზე დასწრებას საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ასევე გეგმავს ოპოზიციაც.

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები და რეკომენდაციები აქვთ. მიუხედავად განხილვებში მონაწილეობისა, ოპოზიციონერი დეპუტატები კოდექსში შესატანი ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ და გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსით დარეგულირდება ის წესებიც, რომელთა დაცვა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად იქნება აუცილებელი. ცვლილებების პროექტს კანონმდებლები რიგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ხვალ უყრიან კენჭს.

გუშინ, 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ბარიერი იქნება 1%-იანი.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.