ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეის აღდგენის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

955

წინა სტატია

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლის სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ობიექტების კვლევა, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა-შეფასება. რის შედეგადაც, განისაზღვრება აღსადგენად საჭირო სამუშაოები. ეს სამუშაოები, შესაძლოა, იყოს დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია-რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია თუ უძრავი ძეგლის ცვლილება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 72 033 ლარია. წინადადებების მიღება 3 იანვარს იწყება და 8 იანვარს დასრულდება.

ამასთან, პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და ზუგდიდის მერიასთან.

მე-19 საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

სამუშაოები 2019 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.