ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას დადიანების ორანჟერეაში, ე.წ. საჯინიბოს შენობის შიგნით, ორივე მხარეს, კედლების და იატაკის გასუფთავების დროს დაბლა ჩამავალი კიბეები აღმოაჩინეს.
როგორც ,,ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორი ზვიად ქარჩავა განმარტავს, არქეოლოგების მოკვლევის შემდეგ გაირკვევა თუ რა დატვირთვა ჰქონდა კიბეს.
,,ორანჟერეა დაკონსერვდება, დონორის მოძიების შემთხვევაში კი შენობის აღდგენის საკითხსაც განვიხილავთ. კიბის გარდა, გარკვეული ფენისგან გათავისუფლების შემდეგ, აქ წითელი აგურის იატაკიც გამოჩნდა,”-აცხადებს ქარჩავა.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მეცხრამეტე საუკუნეში გაშენდა. ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია თებერვალში დაიწყო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.