გახარია ონლაინგაყიდვებზე: ვიძლევი გარანტიას, თუ უსაფრთხოების პირობებს დაიცავენ, მიიღებენ მუშაობის გაგრძელების ნებართვას

764

წინა სტატია

ყველა ის კომპანია, რომელიც პირობებს დაიცავს, პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონლაინშესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა.

პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურების გარდა ყველა სხვა სახის ე.წ. „დელივერი სერვისი” აიკრძალა, უსაფრთხოების პირობების დაცვის აუცილებლობით ხსნის და აცხადებს, რომ კომპანიებს შეუძლიათ ამგვარი საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიიღონ.

„ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ყველა შემთხვევაში როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე მაინც გამოვდივართ COVID 19-დან, იმიტომ რომ ესაა ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ ესაა ის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა შემაწუხა და მომმართა ამასთან დაკავშირებით, იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომლებსაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ მაგალითად თუ მინდა ტელეფონის ან ყურსასმენის ყიდვა. როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური ფლეიერის ყიდვა ვერ მოვითმინოთ? ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია“,-განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა ის კომპანია, რომელიც პირობებს დაიცავს, პრემიერი იძლევა გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომლის გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა გააგრძელებენ მუშაობას. მათ ექნებათ კონკრეტული პირობები ჯანმრთელობის დაცვის ნაწილში. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობის სექტორი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამინების შრომას. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ დიდ სავაჭრო ქსელები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე, არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესამაბის შტაბში და მუშაობის ეს ნებართვა მივიღოთ, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, მაქსიმალურად მომსახურების დისტანციურ ფორმებზე გადავიდეთ. ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას“,-აღნიშნა გახარიამ “იმედის” ეთერში.

მისივე თქმით, “სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სახლში ჯდომა. მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი ძალიან მალე დადგება”.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებულ მაღაზიებში ონლაინ ვერაფერს იყიდით, გარდა საკვები პროდუქტებისა.

ამის შესახებ საუბარია 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებაში. აღნიშნული დოკუმენტით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები.

მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა. დასაშვებ საქმიანობებს შორის არის საკვების მიტანის სერვისი. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ სხვა სახის პროდუქციის მიტანა შეჩერებულია, რის გამოც არაერთმა კომპანიამ, მათ შორის ტექნიკის მსხვილმა კომპანიებმა, განაცხადა, რომ პროდუქციის მიტანის შეჩერება მოუწიათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.