“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით ზუგდიდში პირბადეების დარიგებისას მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები დაირღვა

914

შემდეგი სტატია

“ახალი ლიდერების ინიციატივითა”  და  “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს.

სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა, ადგილზე კი სულ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა. როგორც რადიო “ათინათი” წერს, მიხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო.

ანალოგიური აქცია ხვალ გორშიც იგეგმება. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო პირბადეები, ანტიბაქტერიული ხსნარი და ხელთათმანები ხვალ ენმ-ს გორის ოფისშიც დარიგდება.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვაა დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ დროისთვის, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-ს აღწევს, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

23 მარტიდან კი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებთ, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებს შორის. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა, მათ შორის, მატარებლითაც.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.