მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხები ცნობილია

115

მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც კორონავრუსზე შემოწმება გაიარეს, ვირუსი არ დაუდასტურდათ. ამავე სამედიცინო დაწესებულების დირექტორის ტატა შენგელაიას თქმით, ოცივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, “ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსი ერთ პაციენტს 22 მარტს დაუდასტურდა და ის უკვე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი, ტატა შენგელაიას თქმით, მათთან რეანიმაციაში სულ 9 პაციენტი იმყოფება, რომელთა გაწერაც, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

ცნობისთვის, “ჯეო ჰოსპიტალის” საავადმყოფოში გამოცხადებულია კარანტინი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საველე ჰოსპიტალია განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.