“თელავის სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებელთა ნაწილი, შესაძლოა, კავშირში იყო მარნეულის კლასტერთან”

541

საქართველოს აგრარული ბაზარი ძირითადად მარაგდება ქვემო ქართლიდან. შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ბაზრებზე მყოფ ხალხს ქონოდა კავშირი მარნეულიდან ჩამოსულ ადამიანებთან, ვინც ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან პროდუქციას. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ნუგზარ ბეჟანოვი, სოფელ ყარაჯალას მკვიდრი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი:

„შესაძლებელია, რომ საკოლმეურნეო ბაზრობაზე არსებული ხალხი იყოს მარნეულის ხალხთან კავშირში. ის ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებთან კავშირი, უნდა მიმართონ საავადმყოფოებს და ჩაიტარონ ტესტირება.

შესაძლებელია, ასეთი ხალხი მოხვდეს სოფელშიც და ამისათვის, ვინც თბილისიდან აგრარული ბაზარიდან ჩამოდის თვითიზოლაციაში უნდა იყოს. მინდა ვთქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო დროული კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშრებით მარნეულსა და ბოლნისში.

რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას სოფელში, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვუხსნი მეც, სხვებიც და დამატებით სოფლის სოციალური ჯგუფებში ვაგზავნით ინფორმაციებს.

სოფელში დღეს გვაქვს დაკრძალვა და სულ რამოდენიმე ადამიანი მოვიდა. ყველა არის სახლებში გამოკეტილი. მე ასეთი რამ არ მინახია რომ დაკრძალვაზე ხალხი არ მოვიდეს”.

მეჩეთი დაიკეტა 22 რიცხვში და ლოცვა არ ტარდება.

22 მარტს, გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს. ასევე, პრემიერის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შსს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კარანტინის პერიოდში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი ეკონიმიკური საქმიანობა ჩერდება, ასევე, თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოს, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.