გახარია: შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს

472

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამართალდამცველებისა და მედიკოსები გარდა, სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებს პროდუქტით მოამარაგებს.

როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბნის ექიმები გაუწევენ ზედამხედველობას.

პრემიერის ინფორმაციითვე, „ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყოს“.

„დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ სამართალდამცველების, რომლებმაც ადგილზე სიწყნარე უნდა უზრუნველყონ, ისევე როგორც შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროდუქტებით მომარაგება, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური შრომის, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მარნეულის და ბოლნისის რეგიონიდან სხვა რეგიონებში გამოტანა.

ამას ყველაფერს დავალაგებთ ღამის განმავლობაში და დილით ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ, იქნება მხოლოდ ის, რომ ვერ შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება და მათ ესტუმრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათივე უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის. მიზეზი ადგილობრივი ქალის კორონავირუსით ინფიცირებაა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, 90-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი, ის წლისთავზე იმყოფებოდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.