ზუგდიდის მერი მეწარმეებს: არ დაუშვათ პროდუქტზე ფასების ხელოვნური ზრდა

513

პროდუქტზე ფასების ხელოვნური ზრდა არ დაუშვათ, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური ბაზრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და მას მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავაც ესწრებოდა.

“შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სასურსათო მარაგისა და ფასების რეგულირების საკითხი განიხილეს. როგორც მარკეტების მენეჯერებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და შემოტანის პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათივე თქმით, ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოებიც”, – განმარტავენ მერიაში.

როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგის პრობლემა არ დგას და ამ მხრივ სტაბილური ვითარებაა.

“მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა, რომ არანაირი სასურსათო დეფიციტი არ გვაქვს მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა მერმა.

შეხვედრაზე მერმა მეწარმეებს მოუწოდა, არ დაუშვან პროდუქტზე ფასების ხელოვნური ზრდა.