ბორჯომის მერსა და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდათ

169

წინა სტატია

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ლევან ლიპარტიას და გიორგი გოგიჩაიშვილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უფლებამოსილება დღეს, ორ მარტს შეუჩერა. მათ მოვალეობებს დროებით, მოადგილეები შეასრულებენ. ამის შესახებ სამხრეთს კარიბჭე წერს. 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ბორჯომში დღეს, ორ მარტს ჩატარდა. დახურულ სხდომაზე დეპუტატებმა, ლევან ლიპარტიას და გიორგი გოგიჩაიშვილის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ცნობად მიიღეს.

მერის მოვალეობას პირველი მოადგილე, დავით ზაალიშვილი შეასრულებს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისას – ოთარ არბოლიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილი 28 თებერვალს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშნული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8 000 ლარი გამოართვა.

ამ დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის – მოქალაქე გიორგი ულუმბელაშვილისთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამივე მათგანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გუშინ, პირველ მარტს შეეფარდათ.