საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აღიარებს პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას. ამის შესახებ მან 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო,“- განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს, რასაც სააკაშვილმა უპასუხა, რომ მათ სიკეთეს აფასებს.
ამასთან, პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.
„ჰიმნის აკრძალვა? საქართველოს ჰიმნის ქვეშ, მე, რომელმაც შევქმენი ეს ჰიმნი, მე არ მინდა, ახლა კამათი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პროცესზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეებს შუამდგომლობით მიმართა, პროცესის გაშუქების შესაძლებლობა ყველა ტელევიზიას მიეცეს.
„დღეს სამარცხვინო, მაგრამ ისტორიული პროცესის მომსწრე ვართ. მესამე პრეზიდენტი ესწრება და პირველად აქვს შესაძლებლობა. შუამდგომლობა გვაქვს, მაუწყებლებს, ვინც მოითხოვეს გაშუქების უფლებას, რომ შემოვიდნენ და გააშუქონ და ცოცხალ რეჟიმში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამასთან, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ადვოკატებს მიმართა, შეეწყვიტათ სხდომის სოციალურ ქსელში ტრანსლირება.
„გამორთეთ ტრანსლირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვეთ დარბაზი. მანდატურებს ვთხოვ, მოახდინონ რეაგირება ამაზე“, – განაცხადა მოსამართლემ, რის შემდეგაც ადვოკატებმა ტრანსლირება შეწყვიტეს.
მიხეილ სააკაშვილის, მოსამართლის და ადვოკატის განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.